აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების განცხადება
ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ისტორიულ მისწრაფებებს. ანტიდასავლური კურსის საბოლოო დადასტურება იყო პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უარის შესახებ. მომდევნო დღეებში ამ განცხადებას მოჰყვა ათიათასობით მოქალაქის საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პოლიციამ ძალის გადამეტებით დაარბია. განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ პროტესტის ათეულობით მონაწილესა და ჟურნალისტებს.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვგმობთ ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას. შექმნილ ვითარებაში საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ავტორიტარიზმის საფრთხეს და მტკიცედ დადგეს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის, დემოკრატიისა და ადამიანის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების სადარაჯოზე.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.