საქართველოს პრეზიდენტს
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით.
ჩვენი აზრით, ახლანდელმა მდგომარეობამ ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში უკვე შექმნა უმწვავესი კრიზისი, რომელიც შემდგომი უმოქმედობის შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასეთ პირობებში ამ მდგომარეობის უცვლელად დატოვებას დაუშვებლად ვთვლით.
შექმნილი მდგომარეობის შეფასებისთვის გადამწყვეტ გარემოებად მიგვაჩნია, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, მიხეილ სააკაშვილის ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მისი მოღვაწეობა, როგორც არ უნდა ვაფასებდეთ მას, თითოეულ ჩვენგანს შეეხო (ამასთან ვაცნობიერებთ, რომ ბევრს – ტრაგიკულადაც), და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია მიხეილ სააკაშვილის შემდგომ ბედზე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, ჩვენი აზრით, მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მთავრობა ყველაფერს არ აკეთებს სააკაშვილის გადასარჩენად. მიგვაჩნია, რომ არსებობს მოვლენების ლეტალურად დასრულების დიდი რისკი, რაც ჩვენი აზრით საერთაშორისო საზოგადოების თვალში მნიშვნელოვნად შეულახავს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანას და ძალიან დააზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნა. თუმცა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა აქვს აზრი (და ალბათ არც გვაქვს უფლება) სასამართლოს რაიმე ვთხოვოთ ან მოვთხოვოთ.
ამიტომ ვთხოვთ ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება - გამოიყენოს მისი უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ასეთი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან მყისიერ განთავისუფლებას ვერ გამოიწვევს, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს აღნიშნულ მძიმე ვითარებას.
მამუკა ჯიბლაძე, თსუ რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის განყოფილების გამგე დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.