დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების კოლექტიური წერილი სკოლის სამეურვეო საბჭოს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, სულ ახლახანს გაიმართა სკოლის დირექტორთა არჩევნები, რომელიც მიგვაჩნია, რომ დარღვევებით ჩატარდა. ჩვენ სკოლას წარუდგინეს მხოლოდ ერთი დირექტორობის კანდიდატი, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება არჩევნების არსს და სულისკვეთებას. ერთი კანდიდატის წარმოდგენის პირობებში საქმე არა გვაქვს ,,შერჩევასთან’’ და შესაბამისად საუკეთესო კანდიდატის არჩევასთან, ასეთ დროს მხოლოდ მისაღებობა-მიუღებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და არა არჩევაზე. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ჩვენი სკოლის მოქმედ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ დავით ჭეიშვილსაც ჰქონდა განაცხადში მითითებული 87-ე საჯარო სკოლა. მას არ მიეცა საშუალება წარედგინა თავისი სამოქმედო პროგრამა იმ სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის, რომელმაც ჯერ მხოლოდ ერთი ვადით აირჩია იგი დირექტორად, იმ სკოლის, რომელსაც თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შეალია, რომლის სასიკეთო წინსვლა და დამსახურებული საპატიო ადგილი საუკეთესო სკოლების ხუთეულში, მისი და ამ სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დაუღალავი შრომის შედეგია. ბატონი დავითი 87-ე საჯარო სკოლის დირექტორად პირველად 2007 წლის 25 ივნისს იქნა არჩეული. ეს იყო სკოლის დირექტორების პირველი არჩევნები, რომელიც სამეურვეო საბჭოებმა ჩაატარა სკოლებში. შემდეგ იგი სხვა სკოლებში მოღვაწეობდა. კერძოდ, 2012 წლის 2 მაისიდან 2014 წლის 9 სექტემბრამდე იყო 117-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2014 წლის 9 სექტემბრიდან 2015 წლის 26 მარტამდე კი 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი. 87-ე საჯარო სკოლაში იგი კვლავ არჩევნების შედეგად მოვიდა 2015 წლის 26 მარტიდან და დირექტორის თანამდებობაზე 2021 წლის 26 მარტამდე იყო, 2021 წლის 26 აპრილიდან კი დღემდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია და როგორც ნათლად ჩანს, მან 87-ე საჯარო სკოლაში დირექტორად მოღვაწეობის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვადა დაასრულა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არსებული კანონმდებლობით, სკოლის დირექტორს უფლება აქვს ერთსა და იმავე სკოლაში ორჯერ ზედიზედ იყაროს კენჭი. მასასადამე, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არამხოლოდ რაოდენობაზე (რომ ორზე მეტად ვეღარ იქნება არჩეული), არამედ იმაზეც, რომ ,,ზედიზედ’’ ორჯერ მეტად ვეღარ იქნება არჩეული. მაშინ როდესაც ბატონ დავითს ,,ზედიზედ ორჯერ’’ არა აქვს დირექტორის პოზიცია დაკავებული ამ სკოლაში. ამდენად, მას სრული სამართლებრივი საფუძველი აქვს კიდევ ერთი ვადით იქნას არჩეული და ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ მიეცა მას უფლება, კვლავ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ ამჯერად ჩვენი სკოლის ფარგლებში ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. მიგვაჩნია, რომ ბატონ დავით ჭეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს სკოლის დირექტორების არჩევნებში, თუ ცხადია კვლავ გაიმართება ეს არჩევნები ან მეორე ვადით იქნას დატოვებული 87-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. ამას მოითხოვს იმ მოსწავლეთა უსაფრთხო, ნაყოფიერი, თანადგომაზე, დისციპლინასა და მაღალ საგანმანათლებლო შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა, რომელსაც სჭირდება ისეთი პრინციპული, მზრუნველი და სკოლის ინტერესებზე ორიენტირებული ხელმძღვანელი, როგორიც ბატონი დავითია. როგორც მოგეხსენებათ, სამეურვეო საბჭო არჩევითო ორგანოა და თანაბარი შემადგენლობით და უფლებებით ირჩევს პედაგოგებსა და მშობლებს. ჩვენ, მშობლები ვირჩევთ რა ჩვენს წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში, იმედს ვიტოვებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მიერ არჩეული მშობლები მასწავლებლებთან ერთად დაიცავენ არამარტო მშობლების და მოსწავლეების ინტერესებს, არამედ სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრის, ზოგადად სკოლის ინტერესებსაც. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ არჩეულმა სამურვეო საბჭომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება სამეურვეო საბჭოების ქმედუნარიანობის და კომპეტენციის საკითხი და რაც მთავარია, ის, თუ როგორ ვასწავლით მოსწავლეებს სამართლიანობას, დემოკრატიას, თავიანთი უფლებების დაცვას, როგორ აღვზრდით მათ ჰარმონიულად განვითარებულ პიროვნებად, როგორ განვახორციელებთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებს. პატივისცემით, 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები :
ნათია ნიკაჭაძე დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.